“ტექნიკური ოსტატობისა და იმპროვიზაციის სინთეზი. ყოველი მოძრაობა გრავიტაციის, სუნთქვისა და ემოციის ერთობლივი ისტორიაა.”
ცეკვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი 1995 წლიდან გახდა. ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად იზიდავდა თანამედროვე ქორეოგრაფიის მიმდინარეობები. ამ ინტერესმა მას გზა გაუკვალა საერთაშორისო გამოცდილებისკენ — განათლება მიიღო ამერიკაში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა თანამედროვე ქორეოგრაფიის მიმართულებები და შემდგომ ისინი საქართველოში ჩამოიტანა.
მისი პროფესიული გზა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. თავდაპირველად ცეკვის სტუდიებში ეუფლებოდა ხელოვნებას, ხოლო 1998 წელს, სულ 14 წლის ასაკში, გახსნა საკუთარი ცეკვის სტუდია. იმავე პერიოდში უკვე ქორეოგრაფობასაც მოჰკიდა ხელი. 1999 წელს ჩააბარა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც 8 წლიანი პროგრამა 4 წელიწადში დაძლია და 2003 წელს წარმატებით დაასრულა სწავლა.
მისი ტალანტი და პროფესიონალიზმი ადრეულ ასაკშივე თვალშისაცემი გახდა: არასდროს დაუკავებია მეორე ადგილი — იყო მხოლოდ გრან პრის და პირველი ადგილების მფლობელი მრავალ კონკურსში. მოზარდობიდან აქტიურად მონაწილეობდა ლაივ-კონცერტებში და სხვადასხვა შოუში, მათ შორის – „ნიჭიერში“, „შენ შეგიძლია ცეკვაში“ და სხვა ტელეგადაცემებში. ერთი პერიოდი ოფიციალურად იყო ფილარმონიის სოლისტიც.
დროის განმავლობაში მრავალგზის ჰქონდა შემოთავაზებები უცხოეთიდან — განსაკუთრებით ინგლისიდან და ამერიკიდან — თუმცა არჩევანი სამშობლოზე შეაჩერა და თავისი კარიერა საქართველოში განაგრძო. 12 წლის განმავლობაში მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, სადაც ასრულებდა როგორც სოლო, ისე სახასიათო პარტიებს ცნობილი სპექტაკლებიდან:
• რომეო და ჯულიეტა,
• ჯოკერის სოლო პარტია,
• მაკნატუნაში ტექნიკურად ურთულესი სოლო როლი, რომლისთვისაც მომზადება ორი წელი გრძელდებოდა,
• თანამედროვე ბალეტის და კონტემპორარის დადგმები – საგალობელი მოცარტიანა, ბალანჩინის ქორეოგრაფია და სხვა მრავალი სპექტაკლი თანამედროვე და კლასიკური რეპერტუარიდან.
მონაწილეობდა ყველა საერთაშორისო გასტროლზე: ორჯერ იაპონიაში, ასევე ინგლისში, შოტლანდიაში, უკრაინაში და ოთხჯერ ამერიკის სხვადასხვა შტატში.
2018 წლამდე მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი სტუდიის ხელმძღვანელი და მოწვეული ქორეოგრაფი სხვადასხვა წამყვან ცეკვის სკოლაში, სადაც ასწავლიდა როგორც პროფესიონალ ქორეოგრაფებს, ისე მათ მოსწავლეებს. სწორედ 2018 წელს დააარსა Contemporary and Ballet Dance Academy, რომელიც პირველი იყო საქართველოში, სადაც კონტემპორარის მიმდინარეობა პროფესიულ დონეზე ისწავლებოდა.
აკადემიამ მალევე მოიპოვა გამოხმაურება და გაფართოვდა — გაიხსნა ფილიალიც. დღესდღეობით, აკადემიის აღსაზრდელები უკვე თავადაც ქორეოგრაფებად და ასისტენტებად მოღვაწეობენ იმავე სკოლაში, სადაც სწავლობდნენ.
დღეს მისი სასწავლო სტაჟი 27 წელს ითვლის. გაზარდა უკვე მესამე თაობა და მომავალს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებითა და ენერგიით ელის:
ამჟამად იგეგმება აკადემიის საერთაშორისო ტურის განხორციელება და სტუდიის განვითარება უფრო მასშტაბურ დონეზე — უკვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ნუცა
ქორეოგრაფი
ანასტასია
დამხმარე ქორეოგრაფი
ნინი
დამხმარე ქორეოგრაფი
ზურა კარიჭაშვილი
ბალეტმაისტერი
ტანია პავლენკო
პილატესის ინსტრუქტორი
არქივი
მოძრაობის მომენტები
ენერგია, ემოცია და თავდადება ჩვენი ბოლო ბანაკებიდან და გამოსვლებიდან.